- საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა გაიხსნა. ახლად აშენებული ორკილომეტრიანი მონაკვეთი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება, რომელიც 2019 წელს დავიწყეთ და რთული განსახორციელებელიც იყო მისი რელიეფიდან გამომდინარე. იყო კონკრეტული, მეწყერსაშიში ადგილები და მოგვიწია მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარება, რომ ეს მონაკვეთი პირველ რიგში, ყოფილიყო უსაფრთხო და ყველანაირად გამართული უპრობლემო გადაადგილებისათვის. ყველა ეს ზონა დამუშავებულია. პრევენციული ღონისძიებები გერმანელი და ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განხორციელდა. გარდა ამისა, მოეწყო კუნძულები, რომელიც არის გამწვანებული, თავისი განათებებით. ასევე, გზის კონკრეტულ მონაკვეთებზე ფერდების დამცავი ბადეები გაკეთდა, რომ ყველანაირად უსაფრთხო იყოს და დაცული ქვათაცვენისგან. ეს ოთხზოლიანი, ბეტონის გზა დღეიდან მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.