- როგორ ცხოვრობენ საზოგადოების აქტიური წევრები, რა გამოწვევების წინაშე დგანან, რა უხარიათ და რა უჭირთ,- ჩვენ ვიწყებთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების დღიურების ბეჭდვას. ვფიქრობთ, ეს ჩანაწერები ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება. ერთი კვირის დღიურები, გამოგვიგზავნა ფოთის N6 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, ინგლისური ენის მასწავლებელმა მაკა ჯინჯოლიამ.
ნაპრალებივით დაწვრილებული თვალები, წამწამთა სიხშირით ოქროსფრად დაბინდული ფერადი კადრები დაუვიწყარი მოგონებების ათვლის წერტილიდან, კალიფორნია, სან-დიეგო, 2019 წელი… სადღაც M street –ზე მივსისინებ მეწამულისფერი შევროლეთი, ყურში ჩამესმის პროფესორის სიტყვები დღევანდელი ლექციიდან „ნუ შეეცდები წარმატებისკენ მიმავალი კიბის სრულად დანახვას, ჯერ ის საფეხური გაიაზრე, რომელზეც დგახარ და მერე მომდევნო“. ვაანალიზებ ამ სიტყვებს და ვხვდები, რამდენჯერაც ვცადე საფეხურის გამოტოვება, იმდენჯერ ფეხი დამიცურდა. ალბათ, გამოუცდელობით და სულსწრაფობით.
ახლა მეღიმება, კოენს ვუსმენ „ance me to the end of და love -ს „919, გადააყენეთ მანქანა“
უტიფრად ახშობს. დამტვერილი საქარე მინიდან ვხედავ, როგორ მოაბიჯებს ცხვირზე ნიღაბაფარებული პატრულის თანამშრომელი… აქ წყდება მოგონებებით თრობა, მე და 20 წლის ნისანს ერთად გვსაყვედურობენ, მთავარ ქუჩაზე მოძრაობის შეფერხების გამო. ასე იწყება ორშაბათი მოგონებებით, როცა მშვიდობის კორპუსმა ახალგაზრდა ლიდერთა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მომცა დ ვაშინგტონში, ბოსტონში,
სან-დიეგოსა და ახალ ორლეანში ჩემი ოცნებები ისევ დავაფრთიანე… სულ რამდენიმე წუთი და სხვა სამყაროში ვარ, სამყაროში, სადაც მთელი არსებით გულწრფელი თუ არ ხარ, თალხი ფერივით შეერევი ფერად ცისარტყელას. პირველ პირობითს ვხსნი და მაგალითად მომყავს, აფხაზეთში თუ დავბრუნდები, ზღვისპირა სახლში დაგპატიჟებთ-მეთქი. ჩემს ნათქვამს მოსდევს კითხვები: რამდენი წელია რაც თქვენს სახლში არ ყოფილხართ? გენატრებათ? დაბრუნდებით? დავბრუნდები, ვპასუხობ მე და ყასიდად ვიღიმი, ბავშვების დაუოკებელი ცნობისმოყვარეობის წყალობით თავს ვარიდებ იმავე წინადადებას მეორე პირობითში, რადგან ქვეცნობიერი უნდობლად სისინებს, დაბრუნების იმედი დიდი ხანია ხელოვნურ სუნთქვაზეა. თითქმის ყველა დღეს ასე ვიწყებ, სახლიდან სამსახურამდე, ხუთი წუთის გზაა და ამ დროის განმავლობაში მოგონებებს ვაცოცხლებ, მომღიმარი სახით რომ შევაღო კარი, რომელსაც წლებია ვაღებ და ვცდილობ, არ დამეტყოს რომ, ზოგჯერ დაღლილი ვარ ადამიანთა უსიყვარულობით, უმადურობით და გულგრილობით.
დღე სამშაბათი… ღორღიანი ქუჩა და მტვრის კორიანტელი, აქა-იქ წელში მოხრილი უმწეო სილუეტი… ამ უსახურმა სურათმა, რომ არ წამლეკოს, ისევ ხანმოკლედ, მაგრამ სასიამოვნოდ ვიბარგები მოგონებებში…
ივნისი, 2013 წელი, გერმანია, ბადენ-ვიურტემბერგის შტატის პატარა ქალაქი ბად-ვილდბადი, ზღვის დონიდან 420 მეტრში ვარ, უაილდბადერ სომერბერგის მთისკენ მიმაქროლებს სომერბერგბანის „კუკუშკა“, ირგვლივ სამოთხეა და ოსკარ უაილდის სიტყვებს ვჩურჩულებ „ბუნება ხელოვნებას იმეორებს“, განმარტოება ვამჯობინე, ძალები რომ მოვიკრიბო, ბუმბერაზი ქვეყნებიდან ჩამოსულმა ვუნდერკინდებმა რომ არ დამჯაბნონ. სოციო-კულტულურ მრავალფეროვნებაზე უნდა ვიმსჯელო ბადვილდბადის აკადემიაში ფრანგ, იტალიელ, ესპანელ და გერმანელ მონაწილეებთან ერთად. 5 წუთიც გადის და საუკუნოვანი სკოლის კედელთან ატუზული ვარ, ზარი დარეკილია, ისევ დავაგვიანე, თეთრ ტყუილს ვთხზავ გონებაში, თუმცა არ გამომდის. დღეს პირადი კითხვებით სრულდება გაკვეთილი, რომელსაც ჩაცმულობა აპროვოცირებს, მესმის, ,,მასწ, რამდენი წლის ხართ?” დუმილის უფლებას ვიყენებ, ,,რამდენი წლის გათხოვდით?’’ თითქოს არც მესმის, ამასობაში ზარიც მისწრებს და მიხატული მშვიდი გამომეტყველებით ვტოვებ საკლასო ოთახს. დერეფნიდან კაბინეტამდე, ერთი მძიმე კადრი იშლება თვალწინ, 15 წლის სიფრიფანა, დაფრთხალ გოგონას მასწვლებლის ჭიშკართან თავს ესხმის ორი მანქანა, მოძალადეების ხროვა, აქ კადრი წყდება და ორღობიდან მონაბერ ქარს მოაქვს ჩემთვის სრულიად უცხო და უმოწყალო სიტყვები: „რა უნდოდა, ამ უსახლკარო ლტოლვილს, სახლი მაინც ექნებოდა“. ხმებს და კადრებს უბნელესი 90-იანებიდან, ცვლის ჟრიამული, რომელიც სულს სალბუნივით ეფინება. რა კარგია, რომ დავიბადე, ასე ვფიქრობ, როცა კაბის კალთით დერეფანში მიჭერენ, ჩემი გულის ნორჩი, ყველაზე სუფთა და გულწრფელი ჩითილები, დღის ბოლოს ძალიან ვიღლები, მაგრამ ცაც მათსავით მიღიმის და ხელახლა ვივსები სიცოცხლის სურვილით.
ოთხშაბათს, დიდ დასვენებაზე მოკრძალლებული კაკუნია ჩემი კაბინეტის კარებზე, ვაღებ და შიგნით ვეპატიჟები ოდნავ დარცხვენილ, თვალებში უჩვეულო სხივჩამდგარ, მაყვლისფერტუჩიან და მზისფერდალალიან უფროსკლასელ გოგონას: ,,რჩევა მჭირდება მასწავლებელო”. დიდხანს ვსაუბრობთ და ბოლოს მეკითხება:
,,როგორ ფიქრობთ, ვუყვარვარ?
კითხვით ვპასუხობ, -ზრუნავს შენზე?
-დიახ მასწავლებელო,
-რას გააკეთებს შენთვის?
-მთებსაც შეძრავს.
-მგონი უყვარხარ,
-მადლობა მასწავლებელო,-ზღვა სიხარულით ტოვებს ოთახს.
და მერე? ვეკითხები ჩემს თავს. მერე, როცა პეპლები შეწყვეტენ ფრენას მუცელში, შეეცადე ისევ თავიდან შეიყვარო, თუ ბედისწერამ სამუდამოდ ერთად შეგყარათ…
ხუთშაბათს ქალაქიდან გავდივარ, მე-7 კილომეტრის ხიდთან სვლას ვანელებ, 2017 წელს ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა მახსენდება: ,,ფოთის აღმოსავლეთით მდებარე ჰიდროკვანძი, რომელიც ხიდის ფუნქციას ასრულებს, შესაძლოა დაინგრეს, თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში, როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას? გულწრფელად მინდა ვუპასუხო, თუ ვიცოდე და გიმალავდეთ, ხვალინდელი დღე არ გამითენოს ღმერთმა-მეთქი, მაგრამ, ოსტატურად ვარიდებ კითხვას თავს. ჟურნალისტი აშკარად არ არის ჩემიანი და მოურიდებლად მკიცხავს. სხვები სხლავენ, ერთი ჟუსელინე კუბიჩეკის ხიდს აღწერს ბრაზილიაში, მეორე-რიალტოს ხიდს ვენეციაში, მესამე-ჯაჭვის ხიდს ბუდაპეშტში და მე ერთი ვდგავარ მათ შორის არაკომპეტენტური, მაგრამ არა მეზღაპრე. ვერ შედგა პოლიტიკოსი ჩემგან, მაგრამ დიდ ბანერს, სადაც ეთიოპიის მეოთხე პრეზიდენტს, საჰლე-ვორკ ზევდეს ვგავარ, საგულდაგულოდ შევუნახავ ჩემს შვილიშვილებს.
და აი, დადგა ჩემი საყვარელი დღე, პარასკევი, სადაც ჩემი ცხოვრების წიგნის ერთი თავი სრულდება. ამ დღის გასაფერადებლადაც ისევ მოგონებბში ვეშვები, 2017 წელი, ივლისის თვე, ნებრასკა ლინკოლნი, ისევ გაცვლითი პროგრამა, ჩემს დედობილ-მამობილთან, ჯეინ და ბობ ბითებთან ვატარებ შაბათ-კვირას, ბობის იახტაში ვსხედვართ, ჩემი მამობილი და შეძენილი ქართველი და სომეხი ძმები თევზაობენ, ჯეინი გაზეთს კთხულობს, მე კიდევ განცალკევებით ვზივარ, ოდნავ დაღლილი, ინერტული და 4 წლის შვილის მონატრებით გულდაწურული. დღე მელნისფრად იწურება, ზურმუხტისფერ ტბის ზედაპირზე ვტივტივებთ, თბილ ხელისგულებს ნიკაპზე ვიბჯენ და მეთვლიმება, სიზმარში ვხედავ 11 წლის გოგონას, რომელიც ტრაქტორის მისაბმელზე ზის, ფარდებში გახვეულ საოჯახო ნივთებთან ერთად, თვალცრემლიანი დედაც თან ახლავს, მამას და ძმას ვერ ხედავს, თვითონაც ტირის, მაგრამ არ იცის, რა უფრო ატირებს, მისაბმელს გამოკიდებული ოთხფეხა მეგობარი შავტუხა თომა, ცეცხლის ალში გახვეული მისი ბუდე თუ წართმეული ბავშვობა. „ Wake up darling” ჯეინის ტკბილი ხმა ასრულებს კოშმარს. დიახ, და იმ პატარა გოგოს ყოველთვის სჯეროდა ახდენილი ოცნებების, მხოლოდ ერთხელ შეცდა, ეგონა, რომ დაბრუნდებოდა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ დადგეს ის ნანატრი დღე, როცა თავის ნაბავშვარ ეზოში ფეხშიშველი ირბენს…
ფოთი იდილიური ქალაქია, აქ ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები გავატარე, აქ შევიყვარე და შემიყვარეს… შეხვედრამდე…