- სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ენგურის ხიდის და საბერიო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის ფაქტს ეხმიანება.
“საყურადღებოა, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადაადგილებაზე დაწესებული ხელოვნური შეზღუდვები უმეტესად, დღესასწაულებს ემთხვევა.
ე.წ. გამშვები პუნქტების, რომლებიც ერთადერთი დამაკავშირებელი საშუალებაა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან, ხშირი და არაპროგნოზირებადი ჩაკეტვა, ზღუდავს ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებას და საარსებო წყაროების მისაღებად გაუმართლებელ დაბრკოლებებს წარმოშობს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ოკუპირებული გალის მაცხოვრებლებისთვის ენგურის ხიდი და საბერიო-ფახულანის გადასასვლელი, მხოლოდ ე.წ. გამშვები პუნქტი არ არის; ის ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის განათლებასთან, უკეთეს, ხარისხიან სამედიცინო სერვისებთან, უფრო იაფ პროდუქტებთან, პენსიის აღებასთან, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან დამაკავშირებელი გზაა და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ასაკოვან მოსახლეობაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მარტოა დარჩენილი და ვერ ახერხებს ოჯახის სხვა წევრებთან გადმოსვლას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას – საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, აწარმოოს მოლაპარაკებები, რათა საოკუპაციო რეჟიმმა დაიცვას მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება. კერძოდ, დაიცვას ეს უფლება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნის გზით და ე.წ. გადასასვლელების შეუფერხებელი ფუნქციონირებით”.-აღნიშნულიასახალხო დამცველის განცხადებაში.