- ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ორგანიზაცია „დროას“ აქტივისტები აქციას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია, პროტესტი გამოხატონ რუსეთიდან გადმოსული რუსეთის მოქალაქეების მისამართით, რათა დაანახონ, რომ არ არიან სასურველი სტუმრები.
როგორც „პირველი არხის“ კორესპონდენტი აქციიდან იუწყება, გვირაბს იქით ამ დროისთვის გადაადგილება შეზღუდულია და აქციის მონაწილეებს გადასვლა არ შეუძლიათ.
აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებთან ამ თემაზე მცირე შელაპარაკებაც ჰქონდათ.
როგორც „დროას“ წევრები აცხადებენ, არ არის გამორიცხული, თუ კიდევ შეეზღუდებათ გადაადგილება და არ მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რაც სურთ, არ არის გამორიცხული, გადაკეტონ გზის სავალი ნაწილი.
საპატრული პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილემ, კახა ბუხრაძემ განმარტა, რომ შეზღუდვა ხდება მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
„ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოგეხსენებათ როგორი მოძრაობაა, როგორც რუსეთიდან თბილისის მიმართულებით, ასევე თბილისიდან რუსეთის მიმართულებით. გადატვირთულია მოძრაობა და აქციის მონაწილეებს ავუხსენით, რომ არ მოხდეს მოძრაობის კოლაფსი, ისედაც გადატვირთულია მოძრაობა. მოვუწოდეთ, გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულიყვნენ და თუ უნდათ, პლაკატები გაშალონ და ჩაატარონ ის, რაც განსაზღვრული აქვთ“, – განაცხადა კახა ბუხრაძემ.
ამასთან, ორგანიზაცია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აქციაზე არ იმყოფება.