- საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მისი მმართველობის სფეროში მოქმედ კიდევ 11 თეატრს ახალი მიკროავტობუსები გადასცა. ავტობუსები თითოეული დაწესებულებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით გაფორმდა. საზეიმო ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თეა წულუკიანმა თეატრთა სამხატვრო ხელმძღვანელებს წარმატებული გასტროლები და შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა.
კულტურის სამინისტრომ თეატრებში ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა 2021 წლიდან დაიწყო. უკვე მრავალი წელია, საქართველოში მოქმედი თეატრების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ განახლებულა და ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეძენილ ავტომანქანებს ფლობდნენ.
დღეს, თბილისის სამ, რეგიონის შვიდ და ასევე დევნილ თეატრს ახალი მიკროავტობუსები გადაეცა. კულტურის სამინისტრომ თერთმეტი მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი 2022 წლის 28 ოქტომბერს გამოაცხადა; გამარჯვებულ კომპანია შპს „სენამოტორსთან“ ხელშეკრულება 2022 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა. მიკროავტობუსები 1,149,182 ლარად შეიძინეს.
ამ ეტაპზე მიკროავტობუსები გადაეცა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ შემდეგ თეატრებს:
•სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი;
•სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
•სსიპ ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრი „აფხაზეთი”;
•სსიპ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
•სსიპ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
•სსიპ ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი.
•სსიპ ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
•სსიპ. ქ. სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
•სსიპ ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
•სსიპ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
•სსიპ ქ. გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ახალი ავტომანქანები თითოეულ დასს გადაადგილებასა და რეკვიზიტების გადატანაში დაეხმარება, საშუალებას მისცემს მათ, იმოგზაურონ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება და გახადონ თეატრი საყოველთაო.
ცნობისთვის – 2022 წელს კულტურის სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში არსებულ თეატრებს ათი ახალი მიკროავტობუსი გადასცა. სამინისტრომ ათი მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი 2022 წლის 25 თებერვალს გამოაცხადა და მასში კომპანია შპს „სენამოტორსმა” გაიმარჯვა, რომელთანაც 2022 წლის 8 აპრილს ხელშეკრულება გაფორმდა. მიკროავტობუსების შესყიდვის თანხა 1 061 480 ლარს შეადგენდა.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.