- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დიასპორის წარმომადგენლებისადმი მიმართვას ავრცელებს.
„ჩვენო საყვარელო სულიერო შვილებო, ყველას გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ.
მართალია, კიდევ ერთი წელი მიემატა სამშობლოსგან მოშორებით თქვენი ცხოვრების პერიოდს, მაგრამ მახარებს, რომ უცხოეთში თქვენი ყოფნა არ ნიშნავს თქვენგან და თქვენი შვილებისაგან საქართველოს დავიწყებას, არ ნიშნავს დავიწყებას ჩვენი ენის, რწმენისა და ტრადიციებისა; ამასთან, თქვენ იძენთ გამოცდილებას, ეცნობით ადგილობრივ მიღწევებს მეცნიერებასა და ტექნიკაში, ხელოვნებაში… და გეძლევათ შესაძლებლობა, გაუზიაროთ იგი თანამემამულეებს; ხოლო ჩვენი ცხოვრების წესი, სულიერი ფასეულობანი, ჩვენი წარსული და აწმყო, ჩვენი ხელოვნება… გააცნოთ უცხოელთ.
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ თავდაუზოგავი შრომისათვის, რასაც ეწევით, რათა დახმარება გაუწიოთ აქ მყოფ თქვენი ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს.
ბევრჯერ მითქვამს, წყალობის გამცემი ხელი ცარიელი არასოდეს დარჩება და თქვენც, მატერიალურ სიკეთესთან ერთად, ღვთის წყალობაც გექნებათ.
არაერთხელ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ იმასაც, რომ თითოეული თქვენგანი ბრძანდებით ჩვენი ქვეყნის სახე, უძველესი, უნიკალური კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყნის სახე იქ, სადაც ახლა ცხოვრობთ.
ყოველმხრივ ეცადეთ, არ შელახოთ საქართველოს სახელი. ხოლო ვინც მრუდე გზით ცდილობს თავის დამკვიდრებას, დიდ დანაშაულს ჩადის, რადგან ვნებს როგორც საკუთარ თავს, ისე სამშობლოს.
იყავით ჩვენი ქვეყნის ღირსეული ელჩები და თქვენი ამჟამინდელი მყოფობის ქვეყანაში მისი დროებითი, მაგრამ ღირსეული მოქალაქენი.
დროებითს ვამბობ იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში დაბრუნდებით, მანამდე კი ეცადეთ, აქ შეიძინოთ მიწები და უპატრონოთ მას.
სამშობლოს თქვენ უყვარხართ.
სამშობლოს თქვენ ძალიან სჭირდებით.
ყოვლადწმინდა სამებამ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თვისი შეწევნა და მფარველობა არ მოგაკლოთ, ამინ!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II“, – აღნიშნავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
თბილისში დღეს დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი – „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ იმართება.