- ქალაქებისა და კურორტების განვითარების მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას ვიწყებთ, რომელიც 5-წლიანი იქნება და ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1 მილიარდი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში ბორჯომში, ბაკურიანში, ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, მცხეთაში, სტეფანწმინდაში, მესტიასა და ყაზბეგში შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, ასევე მოეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცეები, არსებული კი, განახლდება.
„მე მინდა რამდენიმე საკითხზე გავაკეთო კომენტარი და გაგაცნოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც დღეს ოფიციალურად დავიწყებთ, დავაანონსებთ. მანამდე გეტყვით, რომ ჩვენ ორი წლის წინ დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროგრამა. 63 მუნიციპალიტეტში ჩატარდა აღნიშნული სამუშაოები, განახლდა ცენტრები, მოეწყო სკვერები და ძალიან მასშტაბური სამუშაოები იქნა ჩატარებული. ამ პროგრამისთვის, გახსოვთ, რომ ჩვენ 500 მილიონი ლარი გამოვყავით. ჯერ კიდევ გრძელდება რამდენიმე მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამა და ახლა ჩვენ ვიწყებთ უფრო მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას, – ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამა, რომელიც იქნება 5-წლიანი და ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1 მილიარდი ლარი. ჩვენ ამ მიზნით გვაქვს უკვე გამოყოფილი წელს 200 მილიონი ლარი. შერჩეული გვაქვს 11 მდებარეობა, ლოკაცია, მე მინდა გაცნობოთ ამის თაობაზე, – ეს არის ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. სამუშაოებს ჩვენ დავიწყებთ ძალიან მალე. ამის თაობაზე უფრო მოგვიანებით მოგახსენებთ დეტალურად, შემუშავდება კონცეფციები, მუნიციპალური განვითარების ფონდი დაიწყებს მუშაობას აქტიურად ამ პროგრამის განხორციელებაზე, შევარჩევთ საუკეთესო არქიტექტორებს, მშენებლებს. ჩაუტარდება შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ასევე, ახალი და არსებული რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა, განახლდება, ისევე როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და ახალი ტურისტული ატრაქციები შეიქმნება. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენი ქვეყანა ეტაპობრივად გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ეს უნდა იყოს კარგად მოვლილი, განვითარებული, ლამაზი სახელმწიფო, ქალაქები, რაიონები, სოფლები. აი, ეს არის ჩვენი გეგმა. როგორც მოგახსენეთ, 200 მილიონი ლარი გამოიყოფა წელსვე. სამუშაოებს დაიწყებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდი და ძალიან მალე ვიხილავთ შედეგებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.