- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ იეპე კოფოდს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-დანიის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ დანია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძლიერი და მკაფიო მხარდამჭერია.
შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. დანიის მხრიდან აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს სრული მხარდაჭერა ექნება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბერტელ ჰორდერი, პოლიტიკური დირექტორი, კრისტინა მარკუს ლასენი, დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინასა და საქართველოში ულე ეგბერგ მიკელსენი, მინისტრის მრჩეველი ულე რიუდალ სვენსონი, უფროსი მრჩეველი უილიამ ბო, ხოლო ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე ესწრებოდნენ.