- ომის წინ, უკრაინიდან შემოვიდა კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილის სახით. სამწუხაროდ, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. როგორ გადმოკვეთა ამ კონტრაბანდულმა პროდუქტმა უკრაინის საზღვარი, ეს შეგიძლიათ მოიკითხოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.
მისივე თქმით, ბრალდების დამტკიცება პირველ რიგში, უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
„ერთი მხრივ, საუბარია იმაზე, რომ პროდუქტი, რაზეც საუბრობს უკრაინის ხელისუფლება, უნდა შევიდეს საიდანღაც საქართველოს გავლით. როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს პროდუქტი თავისთავად უკავშირდება იმ ქვეყნებს, რომლებიც სანქციებს აწესებენ რუსეთის მიმართ. აქედან გამომდინარე, ალოგიკურობის მთელი ჯაჭვია წარმოდგენილი ამ გადაწყვეტილებაში. ეს არის მარტივი აბსურდი. ყველანაირი წითელი ხაზია გადაკვეთილი, მაგრამ ჩვენ მაინც არ გვაქვს უფლება, თუნდაც ამ შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლებას უხეშად დავუპირისპირდეთ. უკრაინის ხელისუფლება არის ომის მდგომარეობაში, შესაბამისად, ამას ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენი ალოგიკური ნაბიჯის შედეგი და ჩვენი რეაქცია უნდა ყოფილიყო რაღაც დემარში, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ.
ომის წინ, უკრაინიდან შემოვიდა კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილის სახით. სამწუხაროდ, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. როგორ გადმოკვეთა ამ კონტრაბანდულმა პროდუქტმა უკრაინის საზღვარი, ეს შეგიძლიათ, მოიკითხოთ.
რაც შეეხება ბრალდების დამტკიცება არდამტკიცებას, ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. როდესაც რაღაცას გაბრალებენ, დამბრალებელმა თვითონ უნდა დაამტკიცოს, რამდენად არის მისი განცხადება სიმართლე. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების პოზიციაა, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს ინფორმაციის წყარო, ამის შემდეგ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ყველაფერზე. ჩვენ ვართ დარწმუნებული, ვერავითარ წყაროს, ვერავითარ მტკიცებულებას ვერ წარმოადგენენ, რადგან ეს არის აბსურდი და ამის წარმოდგენა ვერ მოხდება“, – განაცხადა კობახიძემ.