ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა

  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს უკვე ჰყავს პირველი კურსდამთავრებულები, რაც მხოლოდ დასაწყისია იმ ძალიან დიდი გზის, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი წინსვლა და წარმატებები უნდა მოუტანოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა, ხაზი გაუსვა ქუთაისის განსაკუთრებულ აკადემიურ ტრადიციებს და აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება ამ ტრადიციების ძალიან მნიშვნელოვანი გაგრძელებაა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქუთაისის უნივერსიტეტის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერის შექმნისთვის და ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის განსაკუთრებულ წვლილს უნივერსიტეტისთვის უმაღლესი ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაში.

ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ადრონული თერაპიის ცენტრზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება და უნიკალური დატვირთვისა და მნიშვნელობის მატარებელია.

პრემიერმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის მასშტაბური გაფართოების გეგმებზეც ისაუბრა, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს.

„მქონდა საუბარი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და არის ძალიან ამბიციური გეგმები, რომლებიც უკავშირდება უნივერსიტეტის შემდგომ გაფართოებას. ვგეგმავთ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის განვითარების სამომავლო 4-წლიანი გეგმის წარდგენას საზოგადოების წინაშე და ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება განათლების რეფორმის განხორციელება. კონკრეტულად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საუნივერსიტეტო რეფორმის განხორციელებაზე და აქ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს. ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანაში არსებობდეს 2 განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით, რომლებსაც თანაბარი დატვირთვა ექნება ქვეყანაში განათლების მიწოდების თვალსაზრისით. ეს გულისხმობს იმას, რომ მასშტაბურად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, კიდევ უფრო მეტად, იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს 4 წლის თავზე, 2028 წლისთვის, 30 000-მდე სტუდენტის მიღება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ. რა თქმა უნდა, ეს საჭიროებს შესაბამისი სასწავლო პროგრამების გაფართოებასაც, დამატებით კვალიფიციური პერსონალის მოწვევას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ეს გეგმა აუცილებლად განხორციელდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ამ გეგმის განხორციელება თავიდან ბოლომდე დაფინანსდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ, რისი მზაობაც მან პირადად დაადასტურა და ამისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო,“ – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი აკადემიური კორპუსი დაათვალიერა. 27 000 კვ.მ. ფართობის მქონე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საგანმანათლებლო კორპუსში განთავსებულია საერთაშორისო სტანდარტების სალექციო სივრცეები, სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, ადმინისტრაციული ოფისები, სამკითხველო დარბაზები.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგაპროექტია, რომლის დაფუძნების იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, ერთი მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს

+22

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *