- მიუხედავად იმისა, რომ ათეისტური რეჟიმის პირობებში ყველაზე ღირსეული და გამორჩეული მამულიშვილნი ერთიანად მოსპეს და გაანადგურეს, ქართულ გენში გმირული სული მაინც ვერ ჩაკლეს, თქვენც ამ გენის გამოვლინებანი ხართ, – ამის შესახებ კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიერ ვეტერანებისთვის მიძღვნილ მიმართვაშია ნათქვამი.
„ჩვენო ვეტერანებო, ქვეყნისათვის დამაშვრალო ჩვენო სულიერო შვილებო, ღვთის შეწევნით კვლავაც მაქვს შესაძლებლობა მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღე, რომელიც ყველას ახსენებს თქვენს ღვაწლს, ჩვენი ახლო წარსულის ცოცხალ მაგალითს, ქვეყნისა და მოყვასის სამსახურისთვის გაწეულს. მიუხედავად იმისა, რომ ორი ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე საუკეთესო ნაწილი ჩვენი ერის ეწირებოდა ქრისტეს რწმენას და სამშობლოს დაცვას, მიუხედავად იმისა, რომ ათეისტური რეჟიმის პირობებში ყველაზე ღირსეული და გამორჩეული მამულიშვილნი ერთიანად მოსპეს და გაანადგურეს, ქართულ გენში გმირული სული მაინც ვერ ჩაკლეს, თქვენც ამ გენის გამოვლინებანი ხართ. მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ქვეყნის სამსახურისთვის კვლავაც დაუღალავი მუშაკობა. ასევე, მინდა დავლოცო თქვენი გარდაცვლილი თანამოძმენი და შევთხოვო უფალს მათი სულთა ცხონება, ხოლო მათი შთამომავლების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მშვიდობით კურთხევა, მაცხოვრისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მადლი და წყალობა და ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მეოხება არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.