იანუკოვიჩი პრეზიდენტ ზელენსკის მიმართავს

  • უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით ძებნილი ვიქტორ იანუკოვიჩი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, „სისხლისღვრა ნებისმიერ ფასად შეაჩეროს“. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, იანუკოვიჩი უკრაინისგან ცალკე მოიხსენიებს დონბასს.

იანუკოვიჩის მიმართვა დღეს, 8 მარტს გაავრცელა რუსულმა სააგენტომ „რია-ნოვოსტი”. ტექსტის მიხედვით, იანუკოვიჩი ზელენსკის მიმართავს „დიდმარხვის დაწყებისას, უდიდესი თანაგრძნობის სიტყვებით“ და აცხადებს, რომ „ნებისმიერ ტრაგედიაში არის მომენტი, როცა მისი შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია“.

იანუკოვიჩის მიმართვის თანახმად, ბოლო 8 წლის განმავლობაში ყოველდღე ფიქრობდა, სწორად მოიქცა თუ არა, როცა უკრაინა დატოვა და დღეს “დარწმუნებულია, რომ ეს იყო ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომის თავიდან აცილების ერთადერთი შესაძლებლობა”. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს, რომ „არ არსებობს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ბავშვების სისხლზე უფრო ძვირფასია“.

„კარგად მესმის, რომ ბევრი „მრჩეველი“ გყავთ, მაგრამ პირადად თქვენ ხართ ვალდებული ნებისმიერ ფასად შეაჩეროთ სისხლისღვრა და მიაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას. ამას თქვენგან ელოდებიან უკრაინაში, დონბასში და რუსეთში. თქვენი მადლიერი იქნებიან უკრაინელი ხალხი და თქვენი პარტნიორები დასავლეთში”, – ნათქვამია “რია-ნოვოსტის” მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *