თუშეთის გზის რეაბილტაცია გრძელდება

  • ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, 50.1 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

საავტომობილოგზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.

“თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. უკვე გაფორმებულია 6 ხელშეკრულება, რაც გზის 50 კმ-მდე მონაკვეთის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოებს მოიცავს და მისი ღირებულება, ჯამში, 51.6 მილიონი ლარია. დარჩენილ ორ, ჯამში, 15 კმ-იან მონაკვეთზე, სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის პირველი 22.5 კმ. იქნება ასფალტის საფარში მოქცეული. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები

ამ ეტაპზე, პირველ მონაკვეთზე მიმდინარეობს რკინაბეტონის წყალგამტარი მილების, მიწის ვაკისის, რკინაბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლების, ნაპირდამცავი ბეტონის წყალმიმმართველი დეზების მოწყობის სამუშაოები

თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს უკავშირდება. თუშეთის გზა, გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი. ეს გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

+6

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *