- თბილისის საკრებულოს ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრ დავით ფარცვანიას ფრაქცია დაატოვებინეს. ამის შესახებ განცხადება საკრებულოში დღეს პარტიის წევრებმა გააკეთეს.
“დღეს პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, სუს-ის და პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული და გადაბირებული თბილისის საკრებულოს წევრ დავით ფარცვანია პარტიის რიგებიდან გარიცხულია. ჩვენი ინფორმაციით, „ოცნების“ მხრიდან სულ რაღაც 20 000 დოლარის სანაცვლოდ და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების გამო, პარტია „საქართველოსათვის“ თბილისის საკრებულოს წევრმა, დავით ფარცვანიამ ფრაქცია „საქართველოსთვის“ დატოვა. ნიშანდობლივია, რომ დავით ფარცვანია ასევე შემჩნეული იყო „ქართულ ოცნებასა“ და სუს-თან სავარაუდო ფარულ თანამშრომლობაში, ინფორმაციებისა და ჩანაწერების მიწოდებაში, რასაც დღევანდელი მისი გადაწყვეტილება, ამას კარგად ადასტურებს.
„ქართული ოცნება“ აგრესიულად აგრძელებს მიზანმიმართულ ბრძოლას ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, მთელი საქართველოა მასშტაბით. მათ შორის მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური ძალაუფლების მიტაცებას უკანონო მეთოდების გამოყენებით, რაშიც აქტიურად ჰყავთ ჩართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებიც. ადგილი აქვს ადამიანების მოსყიდვას, დაშინებას, შანტაჟს, მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის ძალადობრივად წართმევას, რასაც ადამიანების გარკვეული ნაწილი, სამწუხაროდ, ვერ უძლებს. ჩვენ გვაქვს ღირსეული ბრძოლის მაგალითებიც. ჩვენი პარტია აერთიანებს საერთო, ეროვნული იდეების გარშემო, მხოლოდ საქართველოსათვის შეკრებილ, სწორი ფასეულობების და ღირებულებების ათასობთ ადამიანს, ქვეყნის ყველა რეგიონიდან, რომელთა გვერდით, ღირსებააყრილი და გაყიდული ადამიანების ადგილი არ არის. ჩვენი გადაწყვეტილება, ყველა მსგავს შემთხვევაში იქნება ძალიან მკაცრი. ყველასათვის ნათელია, რომ „ოცნებამ“ სრულად შეითავსა მმართველობის ის მახინჯი ფორმები, რომელიც 2011-12 წლებში იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ახასიათებდა და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, „ოცნება“ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ღიად ვაჭრობს ქვეყნის სუვერენიტეტით, და ევროპული მომავლით, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ღირსეულ პასუხს გასცემენ“, – განაცხადა თბილისი ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ.