- დღეს, ზუგდიდში გარემოვაჭრეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქცია გამართეს. ისინი ითხოვდნენ მერთან, მამუკა წოწერიასთან შეხვედრას. გარემოვაჭრეების საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, მამუკა წოწერიას და მის მოადგილეს, ბესიკ ჭეჟიას შეხვდნენ, თუმცა მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ არ აპირებენ დათანხმდნენ მერიის შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართებს, რადგან გაუჭირდებათ გადასახადების გადახდა.
ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიგა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს.
“გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს იმ ტერიტორიებზე, სადაც ხდება საერთო სარგებლობის სივრცეების შეზღუდვა. ისეთი ტერიტორიები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები სისტემატურად იყენებენ გადაადგილებისთვის, არის შეზღუდული გარემოვაჭრეების მხრიდან. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება. ასევე, უნდა უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა. ორი დღის წინ ჩვენ გვქონდა ანალოგიური აქცია ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მოვაჭრეების მხრიდან, რომლებიც აპელირებდნენ, რომ მათთვის იქმნება არაკონკურენტული გარემო, ხოლო რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ჩვენ შევთავაზეთ გარემოვააჭრეებს ალტერნატიული ფართები, თუმცა მათი მხრიდან ალტერნატიული ფართის ათვისებაზე მზაობა არ გამოითქვა, ხოლო მუნიციპალიტეტი გააგრძელებს კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. ჩვენი მხრიდან კეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება,“ – განაცხდა გიგა მელიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქცია დასრულებულია და გარემოვაჭრეებმა მუშაობა ისევ განაახლეს.
ინფორმაციისთვის: დილით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქცია გამართეს გარემოვაჭრეებმა. ისინი ითხოვდნე მერთან, მამუკა წოწერიასთან შეხვედრას.
გარემოვაჭრეები ამბობდნენ, რომ ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება მიიღეს, რომ მაისის თვიდან, ბაზრის გარე პერიმეტრზე მათთვის ვაჭრობა აიკრძალება. ისინი უარს აცხადებენ ბაზრის შიდა პერიმეტრში მუშაობაზე, რადგან ვერ შესძლებენ იმ გადასახადის გადახდას, რაც იქ მოუწევთ.