- ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობთ ნებისმიერი ტიპის მსგავს ქმედებას, განსაკუთრებით არასრულწლოვანების მიმართ, – ამის შესახებ ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის განცხადებაშია აღნიშნული.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ვანის რაიონის სოფელ შუამთის საჯარო სკოლის დირექტორმა, რომლის მეუღლეც ფიგურირებს არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების შესაძლო ჩადენის საქმეში, 5 მაისს დატოვა დაკავებული თანამდებობა.
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობთ ნებისმიერი ტიპის მსგავს ქმედებას, განსაკუთრებით არასრულწლოვანების მიმართ.
მოგახსენებთ, რომ სკოლა და რესურსცენტრი გამოძიებასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. შესაბამისი უწყების მიერ, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის: სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა.