- „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისი პარტია მუშაობას პარლამენტში გააგრძელებს. ელისაშვილის განცხადებით, ამის შესახებ შეთანხმება დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა.
“ჩვენ, პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები შევთანხმდით საბოლოოდ და შეთანხმება გავაფორმეთ “ქართული ოცნების” ლიდერებთან, არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძესთან. ეს შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ მისი გაფორმების შემდეგ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში. ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტური ცვლილება და შემდეგ იმედი მაქვს, მოგვეცემა იმის საშუალება, რომ დეტალურად განვმარტოთ. ელექტრონული არჩევნების წესი, “კარუსელის” ნებისმიერი სახის პრევენციისთვის ხმის მიცემა მოხდება თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით, ყველა უბანზე იდგება ხმის მთვლელი აპარატი, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 საათზე უბანი დაიხურება თუ არა, გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრესკონფერენციას. სამი კამერა იქნება, სადაც “ლაივსტრიმი” წამოვა ყველა უბნიდან ისე, რომ ოფისებიდან შეეძლებათ ადამიანებს დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. გარე პერიმეტრი 25 მეტრიდან გაიზრდება 100 მეტრამდე. ცესკო-ში საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი, იქნება არა სამი პარტია, როგორც დღესაა – “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, არამედ 7-ვე პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი. ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა მოხდება სხვაგვარად და გამჭვირვალედ”, – განაცხადა ელისაშვილმა.