დიდი ოდენობით სამსახურებრივი თანხის უკანონოდ დაუფლების ბრალდებით და-ძმა დააკავეს

  • პოლიციამ თბილისში, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისების ფაქტზე, და-ძმა დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ხ.-მ, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში ბუღალტრად მუშაობდა, თავის ძმასთან – ჯ.ხ.-სთან ერთად სამსახურებრივი თანხის მითვისება დაგეგმა და თავდასხმის ინსცენირებით, 150 000 ლარს უკანონოდ დაეუფლა.

და-ძმას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, თბილისში ორი პირი: 1992 წელს დაბადებული რ.ხ. და 1983 წელს დაბადებული ჯ.ხ. ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ხ.-მ, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში ბუღალტრად მუშაობდა, თავის ძმასთან – ჯ.ხ.-სთან ერთად სამსახურებრივი თანხის მითვისება დაგეგმა და თავდასხმის ინსცენირებით, 150 000 ლარს უკანონოდ დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ორივე პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ უკანონოდ მითვისებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და “დ” ქვეპუნქტით, ასევე, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას. დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *