დევნილთა სააგენტო – ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ

  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აქტიურად მუშაობს ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების საკითხებზე და მათი დროულად გადაჭრის გზებზე, – ამის შესახებ დევნილთა სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.

„სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან დევნილი ოჯახების გამოყვანის და მათი უსაფრთხო გარემოში განსახლების მიზნით, დევნილთა სააგენტომ გადადგა შემდეგი ქმედითი ნაბიჯები:

დევნილ ოჯახებს, სააგენტო ბინის მოძიებაში დახმარებას და ქირით დაუყოვნებლივ გადაყვანას სთავაზობს;

ქირასთან დაკავშირებით, სააგენტოს მხრიდან გაცემულია ადმინისტრაციული დაპირება ერთწლიანი ქირის გადახდის შესახებ;

სურვილის შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ, ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინებიც წარმოადგინონ და სააგენტო მათ ამ საცხოვრებელ ფართს შეუძენს;

მიმდინარე მენაშენეთა კონკურსის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მენაშენეთა ასოციაციასთან, სამშენებლო კომპანიებთან და ამ პროცესის შესახებ, ყოველკვირეული ანგარიშის სახით, წერილობით ეცნობება დევნილ მოსახლეობას;

დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლებისა და მათთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით, თბილისის, ზუგდიდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებთან აქტიურად მიმდინარეობს მიწის მოძიებისა და სააგენტოსთვის გადმოცემის სამუშაოები. ქუთაისში ახალი კორპუსების ასაშენებლად, ადგილი უკვე შერჩეულია და მშენებლობა მიმდინარე პროექტების ფარგლებში გაგრძელდება.

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ქართლში“ მცხოვრებ ოჯახებზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზა:

დევნილ ოჯახებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ექვივალენტს ლარში;

დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში, სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს“, – ნათქვამია დევნილთა სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *