- თბილისის საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი, პარტიიდან გარიცხული დავით ფარცვანია მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მოსყიდვის შესახებ პარტიის განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო.
“პარტია მე თვითონვე დავტოვე, გუშინ ამის თაობაზე ფრაქციის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი. ასევე, დღეს განცხადებაც კი დავწერე და შემდგომ იყო პირველი ტყუილი, რომ პარტიიდან გამრიცხეს. რაც შეეხება ბრალდებას, ეს არის ჩვეულებრივი საბჭოთა „კაგებეშნიკური“ მიდგომა და ეს ხალხი უნდა დაჯდეს სხდომის დარბაზში ამ ბრალდებით, როცა ეს გააჟღერეს?! მიზეზები საკმაოდ ბევრი იყო. ეს იყო დიდი ხნის კომუნიკაციის არარსებობა. ეს პროცესი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ასევე, პარტიასთან გარკვეული ტიპის უთანხმოებები იყო, თუმცა სხვა დეტალებს უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ეს ისეთივე ბრალდებაა, როგორც ბატონი გიორგი გახარია არის „კოკაინშიკი“, ასევე ვითომ მე მაქვს აღებული 20 ათასი დოლარი. ყოჩაღ! ასე გააგრძელეთ! ასე გაგრძელებით, არასწორი კომუნიკაციით და თავისი პარტიის წევრებთან ნორმალური კომუნიკაციის არარსებობით, მსგავსი ტიპის ბინძური ბრალდებებით ახალგაზრდა ადამიანის მიმართ, თვალსა და ხელს შუა ჩამოგეშლებათ ეს პარტია. ჩემთვის მართლა მოულოდნელი იყო ეს განცხადება“, – განაცხადა დავით ფარცვანიამ ჟურნალისტებთან.