“გახარია საქართველოსთვის”- პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არ მონაწილეობს პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში

  • 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არის არალეგიტიმური – კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არ მონაწილეობს პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში და არ ცნობს დე ფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, მათ შორის, უკანონოდ არჩეულ პრეზიდენტს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.

“პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე პოზიციას და ხაზგასმით განვმარტავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და სხვა მიტაცებულ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ქართველ ხალხს მოჰპარა თავისუფალი არჩევანის უფლება და ქვეყანა შეიყვანა მძიმე სისტემურ კრიზისში. ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგების კანონიერებას და შესაბამისად, პარლამენტს და არც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ უკანონოდ არჩეულ რომელიმე ორგანოს ლეგიტიმურობას.

14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არის არალეგიტიმური, რადგანაც, ერთი მხრივ, არჩევნები ტარდება კონსტიტუციის მიღმა, არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში, ხოლო მეორე მხრივ, ასეთი ერთპარტიული არჩევნები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს, რომლითაც საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი უნდა აირჩეს ინკლუზიური ფორმითა და ფართო პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არ მონაწილეობს პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში და არ ცნობს დე ფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, მათ შორის, უკანონოდ არჩეულ პრეზიდენტს.

შექმნილი მძიმე სისტემური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად აუცილებელია ორი მთავარი პირობის შესრულება:

დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებისას უკანონოდ დაკავებული პირები, რომლებიც „ოცნების“ ხელისუფლებამ სისტემის მძევლად აქცია.

უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, პარიტეტულად დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციისა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო სტრუქტურების პირობებში,“ – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *