- გარდაიცვალა პოეტი, მთარგმნელი გივი შაჰნაზარი. ინფორმაციას ამის შესახებ მწერალთა სახლი ავრცელებს.
გივი შაჰნაზარი დაიბადა 1933 წლის 23 აგვისტოს, თბილისში. დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1951). 1984-1987 წლებში იყო თბილისის სომხური დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1997 წლიდან საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათაშორისი ურთიერთობის განწყობის რეფერენტია. გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე (2015).
პირველი თარგმანები ქართულ ენაზე 1952 წელს გამოაქვეყნა. ძირითადი ნაშრომები: საიათნოვას „ლექსები“ (1972), პ. სევაკის კრებული „იქმენინ ნათელი“ (1978), კ. ვოიტილას დრამა „ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ“ (2000). გივი შაჰნაზარმა ქართულ ენაზე ააჟღერა სომეხი პოეტების − გ. ნარეკაცის, ა. ისააკიანის, ე. ჩარენცის, ვ. ტერიანის, ჰ. შირაზის, ს. კაპუტიკიანის, ა. საჰიანის, ლექსები. შაჰნაზარი არის აფხაზური და ოსური პოეზიის მთარგმნელი, მასვე ეკუთვნის ა. პაპაიანის, პ. ზუთუნცინიანის, ჟ. არუთინიანის პიესების თარგმანები.
მიღებული აქვს ეღიშე ჩარენცისა (1998) და ივანე მაჩაბლის (1993) სახელობის პრემიები; 1998 წელს მიენიჭა ფრიტიოფ ნანსენის სახელობის საერთაშორისო პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997) და თბილისის ერთგულების ორდენით (2000). ასევე გახლავთ პრემია „საგურამოს“ (2012) და ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიის (2020) ლაურეატი.