განათლების სამინისტრო- დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ერთი საჯარო სკოლა იმყოფება

  • განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გასული ერთი კვირის მონაცემებით, Covid-19-ის ვირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საგრძნობლად იკლო. კერძოდ, ვირუსი მასწავლებელთა 0,3%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა.

“ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ერთი საჯარო სკოლა იმყოფება.

სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი კი, გასულ კვირაში რისკის ჯგუფის 71-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით კვლავ მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება. პირველი მარტიდან სკოლების პერსონალი კორონავირუსზე კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით მოწმდება. 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში Covid-19-ზე ტესტირების პროცესში ჩართულია სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმი.

ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.7%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი შერეულ ფორმატში მიმდინარეობს“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორამაციაში.

უწყების ცნობით, ქვეყანაში კოვიდრეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აქამდე არსებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *