გამჭვირვალობა: 2023 წელს, მთავრობამ 48 სხდომაზე მინიმუმ 531 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა

  • 2023 წელს, საქართველოს მთავრობამ 48 სხდომაზე მინიმუმ 531 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ ავრცელებს.

“გასული წლის განკარგულებების 23% – 531-დან 122 – კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ან მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე აღებული პირობების გადახედვას ეხებოდა, რაც კორუფციული რისკის შემცველია. ამ რისკს ამყარებს სახელმწიფო ქონების სავარაუდო უკანონო გადაცემასთან დაკავშირებით გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ წარსულში გამოვლენილი შემთხვევების არსებობაც.

გარდა იმისა, რომ განკარგულებების გამოუქვეყნებლობით მთავრობა სხვა საჯარო დაწესებულებებს ცუდ მაგალითს აძლევს, ის ერთდროულად რამდენიმე სამართლებრივ აქტსაც არღვევს, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებულ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებას; ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის საქვეყნოობის პრინციპს, ამავე კოდექსის მესამე თავით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის დადგენილ წესებს; მთავრობის რეგლამენტს განკარგულებების მაქსიმუმ 3 დღეში ვებგვერდზე ატვირთვასთან დაკავშირებით; მთავრობის დადგენილებას, ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე.

მოვუწოდებთ, მთავრობის ადმინისტრაციას, უარი თქვას განკარგულებების დამალვის მავნე პრაქტიკაზე, შეასრულოს კანონის მოთხოვნა და გამოაქვეყნოს ყველა დოკუმენტი როგორც მის ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე საკანონმდებლო მაცნეზე, ასევე, დაიცვას საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა,” – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *