- 2022 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ 346 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმა, საიდანაც 181 (52%) დარღვევებით იყო შევსებული – ბიუროს გადაწყვეტილებით, დაჯარიმდა 136 თანამდებობის პირი (39%), ხოლო გაფრთხილება მიიღო 45-მა (13%), – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიშის შესწავლის შედეგებშია აღნიშნული.
“ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციაში არასრულ ინფორმაციას უთითებს; შემოწმებული პარლამენტის წევრების 83%-მა კი დეკლარაცია დარღვევებით შეავსო. 2022 წელს ბიუროს არცერთი დეკლარაცია პროკურატურისთვის არ გადაუგზავნია; უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების 78%-ში ოჯახის წევრების მონაცემები არასწორად იყო მითითებული; მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართვის საფუძველზე შემოწმებულ დეკლარაციათა 95%-ში დარღვევა დადასტურდა.
მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 4%-ით შემცირდა, 52% მაღალი მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ ყოველი მეორე დეკლარაცია არასრული და ხარვეზიანია. 2022 წელს დეკლარაცია დარღვევებით ყველაზე ხშირად საქართველოს პარლამენტის წევრებმა წარადგინეს (83%). 2021 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესებულია, რადგან შარშან დეპუტატთა დეკლარაციების 42% შეფასდა უარყოფითად. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით, 3-ჯერ მეტი დეპუტატის დეკლარაცია შემოწმდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც ჩვენი კვლევის შედეგებს ეყრდნობოდა.
დარღვევების მაღალი მაჩვენებელი აქვთ: სახელმწიფო საწარმოთა და არაკომერციულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს (67%), მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს (55%). რაც შეეხება საიდუმლო თანამდებობის პირებს, 2022 წელს 27 ასეთი დეკლარაცია შემოწმდა და დარღვევა 11-ში (41%) აღმოჩნდა.
2022 წელს უარყოფითად შეფასებულ დეკლარაციათა უმეტესობაში თანამდებობის პირებს რამდენიმე ტიპის დარღვევა ერთდროულად აქვთ. მაგალითად, სამი და მეტი ტიპის დარღვევა თანამდებობის პირთა ნახევარზე მეტს (53%) უფიქსირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არაზუსტი ან/და არასრულია. ეს, თავის მხრივ, აკნინებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს, როგორც ანტიკორუფციულ მექანიზმს.
2022 წლის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი – 8 ტიპის დარღვევა აქვს ზურაბ ხაჩიძეს, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს. ხაჩიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა თავისი და მისი ოჯახის წევრის: უძრავი ქონება, სამეწარმეო საქმიანობა, საბანკო ანგარიშები, სხვა გასავალი და შემოსავალი; ასევე, არ მიუთითა წლის განმავლობაში აღებული თანამდებობრივი სარგო და დადებული ხელშეკრულება; არასწორად მიუთითა საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა; საყურადღებოა, ხაჩიძემ საჯარო სამსახურის ბიუროს მოთხოვნის შემდეგაც არ წარადგინა ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშზე ინფორმაცია“,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება დარღვევის კატეგორიებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ აღნიშნავენ, რომ 2022 წელს ყველაზე ხშირად (78%-ში) დეკლარანტებმა არ მიუთითეს ან/და არასწორად მიუთითეს ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ინფორმაცია. მათ შორის, ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლები, უძრავი და მოძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ხელშეკრულებები და მათგან მიღებული მატერიალური სარგებელი.
რაც შეეხება პროკურატურისთვის მიმართვას, ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ შეფასებაში წერია, რომ 2022 წელს, პირველად, დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად არც ერთი დეკლარაცია არ გადაგზავნილა პროკურატურასთან.
„სამწუხაროდ, საქართველოში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმი არ გამოიყენება მაღალი დონის კორუფციის გამოსავლენად. 6 წლიანი მონიტორინგის შედეგად ჯამში პროკურატურაში მხოლოდ 11 დეკლარაცია გაიგზავნა, მაშინ როცა წლიდან წლამდე იზრდება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მიერ გამოვლენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის, ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის, მათ შორის უკანონო გამდიდრების, სავარაუდო შემთხვევათა სია“,- აღნიშნულია შეფასებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებითვე, პროკურატურაში გაგზავნილ დეკლარაციათა დაბალი რაოდენობა და შესაბამისი რეაგირების არ ქონა მონიტორინგის მექანიზმის სისუსტეზე მიუთითებს.
„უნდა აღინიშნოს, რომ დარღვევა დადასტურდა 2022 წელს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასაბუთებული განცხადების საფუძველზე შემოწმებული დეკლარაციების 95%-ში. ეს მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ დეკლარაციების მონიტორინგით დაკავებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და გამომძიებელ ჟურნალისტებს მაღალი სიზუსტით შეუძლიათ სარისკო დეკლარაციების გამოვლენა. შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიურომ უკეთ უნდა გამოიყენოს ეს რესურსი და მონიტორინგი დაიწყოს, მაგალითად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზეც“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეკომენდაციაა, რომ საჭიროა გაიზარდოს დეკლარანტ პირთა წრე და დაემატოს ყველა დონის პროკურორი, ანტიკორუფციულ საქმეთა გამომძიებლები და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა მრჩევლები; განახლდეს დეკლარაციით გათვალისწინებული წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა. მაგალითად, საჯარო უნდა გახდეს თანამდებობაზე დანიშვნამდე და გათავისუფლების შემდეგ გაწეული ანაზღაურებადი საქმიანობა; საჯარო სამსახურის ბიურომ ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგისას უნდა გააძლიეროს ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის კომპონენტი და სრულად გაასაჯაროოს გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია.
ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ