- ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული ბორჯომში და კომპანია IDS ბორჯომი-საქართველოს პრეზიდენტი ლევან ბაღდავაძე ყაზახეთში, ქალაქ ატირაუში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქართულ დელეგაციას ქალაქ ატირაუს აკიმმა, სერიკ შაპკენოვმა უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული, სოციალური, ჯანდაცვის, საინვესტიციო თანამშრომლობისა და ტურიზმის განვითარების აქტუალური საკითხები განიხილეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ოთარ არბოლიშვილის განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ძირითადი მიზანი ტურიზმის განვითარებაა, რაც გულისხმობს მთელი წლის განმავლობაში, აღნიშნული ქალაქიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში დამსვენებელთა კიდევ უფრო დიდი ნაკადის შემოსვლას, მათი ადგილობრივი სასტუმროებითა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურებით დაინტერესებას, რომლის უნიკალური თვისებების გარანტი სწორედ მინერალური წყალი „ბორჯომია“. სწორედ ამიტომ, ორივე ქვეყნის ტურისტული სააგენტოები ერთმანეთთან ინტენსიურად თანამშრომლობენ.
აკიმ სერიკ შაპკენოვის თქმით, ქალაქი ბორჯომი ატირაუს მცხოვრებთა დასვენებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.
„2022 წელს საქართველოს ატირაუდან 18 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია. 6 ათასი ტურისტი ბორჯომში ჩამოვიდა სამკურნალოდ. მიმდინარე წელს ატირაუდან საქართველოში 10 ათასი ტურისტი ჩამოვიდა. მნიშვნელოვანია, რომ ყაზახეთისა და საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობენ”, – განაცხადა სერიკ შაფკენოვმა.