- ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ცესკო-ს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც მოიცავს, როგორც რუსთავს, ასევე გარდაბნის ნაწილს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს კი, №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას მოიცავს.
როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 135 საარჩევნო უბანი, მათ შორის რუსთავსა და გარდაბანში 121 (პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი სამი უბანი და ერთი ე.წ. კოვიდუბანი), ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი.
„აღსანიშნავია, რომ ბათუმში, საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. კენჭისყრის დღეს გამოყენებული იქნება ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, 14-ივე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში – 139 989-ს შეადგენს,საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 20 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული“, – აცხადებენ ცესკო-ში.
უწყების ცნობით, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია სამი (N34 – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ მამუკა ტუსკაძე; N41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ირაკლი შატაკიშვილი და N59 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ კამალ მურადხანოვი), ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ორი (N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მათე ფუტკარაძე და N41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რამაზ ჯინჭარაძე) საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ.
ცესკო-ს ცნობით, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1 590 დამკვირვებელი და ოთხ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 16 მედიაორგანიზაციის 679 წარმომადგენელი. პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, განხორციელდება ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღება, ვიდეომასალა აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე, ასევე საარჩევნო უბნების შედეგების ხელახალი გადათვლის მიზნით წინასწარ შერჩეულია გადათვლის ცენტრები რუსთავსა და გარდაბანში.
„ყველა საარჩევნო უბანზე დაცული იქნება პანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციები, საარჩევნო უბნები აღჭურვილია სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებებით და უზრუნველყოფილია ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საარჩევნო გარემო. ამასთან, ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიებში განხორციელდება „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით შემოწმება“, – აცხადებენ ცესკო-ში.
უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანულენოვანი ამომრჩევლებისთვის ნათარგმნია საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო ბიულეტენი, ბიულეტენის შევსების წესი, ამომრჩეველთა ერთიანი სია, (სამაგიდო და კედელზე გასაკრავი) და ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი.
საარჩევნო უბნები რუსთავსა და გარდაბანში 07:00 საათზე, ბათუმში კი 06:45 საათზე გაიხსნა. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყო. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
07:00 საათიდან მუშაობს ცესკო-ს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება აქვს, ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით.
ასევე, მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკო-ს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე – results.cec.gov.ge.
ამასთან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკო-ში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360-გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.