- პროკურატურა „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორმა მირანდა წერეთელმა სასამართლო პროცესზე დააყენა.
ამასთან, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ახალი მტკიცებულების დასაშვებობაზე, ახალი მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებითაც იშუამდგომლა. კერძოდ, პროკურორ მირანდა წერეთლის განცხადებით, ვინაიდან ბადრი ესებუა ძებნაში იმყოფებოდა, მისგან ხმისა და სუნის ნიმუშების აღება ვერ განხორციელდა, რის გამოც, ოდოროლოგიური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ შუამდგომლობაზე პასუხის გასაცემად დრო ითხოვა, რათა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიაროს.
მოსამართლე ეკატერინე ბებიას განცხადებით, ის დაცვის მხარეს არ შეზღუდავდა, რის გამოც, სხდომა გადადო.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა ბადრი ესებუამ მხოლოდ ის განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
“საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი 22 თებერვლისთვის გადაიდო. მომდევნო სხდომა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზე ჩატარდება.
სხდომის გადადების მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. კერძოდ, ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ პროკურატურის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ შუამდგომლობებზე პასუხის გასაცემად დრო და ბრალდებულთან კონსულტაციის გავლა ითხოვა.
ინფორმაციისთვის: ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავეს.
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.