- ამ წუთებში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში “საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებულიც ესწრება.
სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლე ეკატერინე ბებიამ განაცხადა, რომ სასამართლოს ბადრი ესებუამ განცხადებით მიმართა, სადაც ის ამბობს, რომ არ სურს მისი ინტერესები ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას. ამ განცხადების შემდეგ ალექსანდრე კობაიძემ სხდომათა დარბაზი დატოვა.
ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებს სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ განუცხადა, რომ ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს ზეწოლა. “როგორც ვვარაუდობდი, დადასტურდა პროცესზე, რომ ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა. დღეს დადასტურდა, რომ მას ათქმევინეს, რომ ერთ-ერთი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე უნდა აეცილებინა. ეს არის არნახული ზეწოლა, რომელიც ამ შემთხვევაში ხორციელდება მასზე. რომ ვემშვიდობებოდი, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს მისი სურვილი არ იყო და ეს გააკეთებინეს. მე მომეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ბადრი თავად მოვინახულო მესამე დაწესებულებაში და შესაბამისად გავისაუბროთ აღნიშნულთან დაკავშირებით…”