- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო მოქალაქეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გორში ჰქონდა მოწყობილი. საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო 21 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შუახევის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლას დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს. ყველა გამოვლენილ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირება ხდება“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტად პატრულირებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, ასევე, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორაციაში.