- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილედ იგორ კოპალიანი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.
იგორ კოპალიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იკავებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორის თანამდებობას.
იგორ კოპალიანს გააჩნია საჯარო სამსახურში მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება, მათ შორის იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წევრი, მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად იურიდიულ საკითხებში, ასევე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროს კონსულტანტად, იყო მარტვილის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
აქვს პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, პროკურატურის მუშაკთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის სპეციალური წოდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დაჯილდოებულია საპატიო სიგელით.
სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში. გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსები – მენეჯმენტში, სამართალში, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, კონფლიქტოლოგიაში. არის სპორტის ოსტატის კანდიდატი ჭიდაობა ,,ძიუ-დოში”.