- არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე ბრალდებულს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 28 აპრილს ბრალდებულმა, რომელიც მიკროავტობუსით საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა, 16 წლის დაზარალებულის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება განახორციელა.
„ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 28 აპრილს ბრალდებულმა, რომელიც მიკროავტობუსით საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა, 16 წლის დაზარალებულის მიმართ სექასუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება განახორციელა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.