- ლაზარე გრიგორიადისის გაჭიანურებული სასამართლო მისი საპროცესო უფლებების დარღვევით მიმდინარეობს, – ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და ჯერ-ჯერობით უცნობია როდის გამოიტანს სასამართლო განაჩენს. პროცესის უსაფუძვლოდ და არაგონივრულად გაჭიანურების და სხვა მძიმე საპროცესო დარღვევების ფონზე სულ უფრო ღრმავდება ეჭვი, რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი კლანური სასამართლოს ხელში ლაზარე გრიგორიადისი სამართლიან მართლმსაჯულებას ვერ მიიღებს.
2024 წლის 28 მარტის სხდომაზე მოსამართლე ზვიად შარაძემ გადადო დასკვნითი სიტყვების მოსმენა იმ მოტივით, რომ ლაზარე გრიგორიადისი პროცესს „არ ესწრებოდა“. ამასთან, როგორც მოსამართლემ განაცხადა, მან არ დააკმაყოფილა ლაზარე გრიგორიადისის თხოვნა სხდომაზე დისტანციურად დასწრების შესახებ იმის გამო, რომ ლაზარე გრიგორიადისს „არ ჰქონდა წარდგენილი მიზეზი“, რის გამოც ვერ ახერხებდა სასამართლოში გამოცხადებას. უფრო მეტიც, როგორც მოსამართლემ განაცხადა, თუ ლაზარე გრიგორიადისი შემდეგ სხდომაზეც „არ გამოცხადდება“, ჩაითვლება, რომ იგი „თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას“ და, შესაბამისად, სხდომა მის დაუსწრებლად ჩატარდება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში მისი საქმის განხილვაში როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. იმავე კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სასამართლო განხილვაში ამავე მხარემ მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
ზემოაღნიშნული ნორმები იმაზე მიუთითებს, რომ სხდომაზე დისტანციურად დასწრება ბრალდებულის უფლებაა, რომლის გამოყენებისას არავითარი მიზეზის დასახელება საჭირო არ არის. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ უხეშად დაარღვია სისხლის საპროცესო კანონის მოთხოვნა, როდესაც ლაზარე გრიგორიადისს მოსთხოვა ის, რაც მას კანონით არ ევალება. სხვათა შორის, მიზეზის დასახელება სავალდებულოც რომ ყოფილიყო, ასეთი მიზეზი ლაზარე გრიგორიადისმა დაასახელა – მან თქვა, რომ სტრესის გამო უჭირს ხალხით გაჭედილ დარბაზში ყოფნა. თუმცა, მოსამართლემ სრულებით უგულვებელყო ეს მიზეზი.
ლაზარე გრიგორიადისის საპროცესო უფლებების დარღვევა კიდევ უფრო სერიოზულ ხასიათს მიიღებს, თუ მოსამართლე შეასრულებს დაპირებას და მომდევნო სასამართლო სხდომაზე დისტანციურად დასწრების მოთხოვნას ლაზარე გრიგორიადისს სხდომაზე არგამოცხადებად ჩაუთვლის, რასაც შედეგად სხდომის ლაზარე გრიგორიადისის დაუსწრებლად ჩატარება მოჰყვება. ეს კი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი და მე-3(c) პუნქტებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას გამოიწვევს.
დღეისათვის ნათელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა უკვე უსაფუძვლოდ გაჭიანურდა, რაც ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების კიდევ ერთი ასპექტის – საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლების დარღვევის ნიშნებს შეიცავს.
საპროცესო კანონის სერიოზული დარღვევები ამ საქმეში ლაზარე გრიგორიადისის დაკავების და პოლიციაში მიყვანის დროიდან ფიქსირდება. კერძოდ, მიუხედავად მისი დაჟინებული მოთხოვნისა, იგი რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა ადვოკატის გარეშე. ეს გარემოება მისი გამოკითხვის ოქმისა და, ე.წ. „მოწამლული ხის ნაყოფის დოქტრინის“ თანახმად, ამ ოქმიდან გამომდინარე ყველა სხვა მტკიცებულების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველი უნდა გამხდარიყო (იხ. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილი). თუმცა, პოლიტიზირებული სასამართლოსთვის არც ასეთი სერიოზულ დარღვევა წარმოადგენს დაბრკოლებას. პოლიტიკური დაკვეთა კი მოცემულ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ის არის, რომ ლაზარე გრიგორიადისი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რათა საზოგადოებაში, განსაკუთრებით მის ახალგაზრდულ ნაწილში, ჩაისახოს შიში და მოლოდინი იმისა, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა ნებისმიერ მათგანს შეიძლება მეტისმეტად ძვირი დაუჯდეს.
ზემოთ აღწერილი საპროცესო დარღვევები, რომლებიც მსგავს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სისტემატურ ხასიათს ატარებს, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმის აუცილებლობაში, რაც ევროკავშირმა გაწევრებისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ მთავარ პირობად დაგვიდგინა: სასამართლო სისტემაში კეთილისინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემის შემოღების გარეშე ვერც სასამართლო სისტემა გაჯანსაღდება და, აქედან გამომდინარე, ვერც პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სიას ექნება დასასრული”,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობოები:
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”;
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI);
მედიაომბუდსმენი;
ქვიარ ასოციაცია – თემიდა;
დემოკრატიის მცველები;
საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch);
ყვარლის ევროკლუბი;
„ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ (FAD);
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
პროაქტივ ჯგუფი ჯორჯია;
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ PHR;
Სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC);
Შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია „ჰანგი“;
ქალი და განვითარება;
ფემინისტური ინიციატივების ფონდი;
გურიის სამოქალაქო ცენტრი;
ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”;
სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის (CMF);
რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG);
ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი (GNUSP);
მოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო”;
ფენიქსი 2009;
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
საზოგადოება და ბანკები;