- ავღანეთში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქე უნგრული ბორტით საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანა, უნგრულ მხარესთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე აქტიურ მუშაობას განაგრძობს.