- საქართველოს შინაგან საქმთა სამინისტროს წარმომადგენელის, ქეთი კოვზიაშვილის განცხადებით, ყვარელში სპეცოპერაცია გრძელდება და საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს.
მისივე თქმით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალის შენობაში არც ერთი მძევალი აღარ იმყოფება.
„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ყველა მძევალი თავისუფალია, გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს არაერთი მუხლით. ადგილზე მუშაობენ სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები. როგორც გითხარით, გრძელდება ღონისძიება. შეიარაღებასთან დაკავშირებით, უკვე განვაცხადეთ, რომ როგორც იყო ინფორმაცია, ეს პირი არის შეიარაღებული. ახლაც მიმდინარეობს სპეცოპერაცია. თანხასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა იყო მოთხოვნა. ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიმდინარეობს პირის იდენტიფიცირებაც. არც ერთი მძევალი არ არის ბანკის შენობაში, არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მუშაობენ აქტიურად, რათა სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდეს. საპოლიციო ძალები იმყოფებიან ტერიტორიაზე. დამატებით დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ეს არის ის ინფორმაცია, რისი მოწოდებაც შემიძლია“, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.