- გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად, 12 წერტილში ახორციელებს.
„კვლევებისას ისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.
შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.