- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, სისტემატურად ასაღებდა 20 ლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს.
გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულმა, დაახლოებით 50-მდე შემთხვევაში, ჯამში 3 700 ლარის ოდენობის 185 ცალი ყალბი 20 ლარიანი კუპიურა გაასაღა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით. ასევე, აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.