- ტელეკომპანია “ფორმულა” გადაცემების ნაწილს ხურავს, კონტრაქტები შეწყდება თანამშრომელთა ნაწილთანაც. ამის შესახებ განცხადებას “ფორმულა” ავრცელებს.
“ტელეკომპანია „ფორმულა“ გატყობინებთ ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილებას. ჩვენი მაუწყებლობა თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის.
ამ გადაწყვეტილების პარალელურად გვიწევს რეორგანიზაცია; არხის გასართობი სეგმენტის შეზღუდვა და საშტატო ოპტიმიზაცია; შედეგად, საკადრო რესურსის შემცირება და სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილთან დამშვიდობება. ეს „ფორმულასთვის“ მძიმე ფაქტია, ვინაიდან ამ არხის თითოეულ თანამშრომელს ყოველთვის კარგად ჰქონდა გააზრებული, სად მუშაობდა, რა რთულ მოცემულობაში უწევდა ყოფნა და რა იყო „ფორმულას“ მისია. ჩვენ ვაფასებთ მათ ნამუშევარს და მადლობას ვუხდით თავდადებისთვის, რაც ოლიგარქიული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში აჩვენეს.
რაც შეეხება ახალ ფორმატზე გადასვლის მიზეზებს, თემა უკავშირდება ფინანსურ საკითხებსაც: ტელეკომპანია „ფორმულამ“ სტაბილური რეიტინგული ზრდის მიუხედავად, გასულ წელს ვერ შეძლო დაგეგმილი თანხების მობილიზება. პოლიტიკურ კონიუნქტურასთან ერთად პროცესზე იმოქმედა ქვეყანაში მოქმედმა იმ რეგულაციებმა, რომელთა მთავარი ამოცანაც კრიტიკული მედიისთვის დაფინანსების წყაროების შემცირება იყო. ამ მიზეზების გამო ოპტიმიზაცია მოუხდა საქართველოში მოქმედ ყველა კრიტიკულ მაუწყებელს და ახლა გვიწევს ჩვენც.
მოცემული რეალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, 2024 წლის არჩევნებისთვის საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებისა და ჩვენი ქვეყნის დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლაში შედეგის მისაღწევად ტელეკომპანია „ფორმულა“ გადაწყვეტილებას იღებს არჩევანი გააკეთოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე, რაც, ვფიქრობთ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.”-ნათქვამია “ფორმულას” განცხადებაში.