- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქ. თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება 5 ადამიანის სავარაუდო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ. ხუთივე მათგანმა მიირთვა შაურმა საშაურმე “რეტროს“ (შპს „ბრაზერს“) ორ სხვადასხვა მისამართზე (აბასთუმნის ქ. 1ა და სამტრედიის ქ. #9) მდებარე ობიექტში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა აღნიშნულ ობიექტებში სახელმწიფო კონტროლი მყისიერად განახორციელეს. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნიმუშები. ამასთან, საშაურმეებში ზოგადი სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
“სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის” 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 66-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საქმიანობის უფლება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე.