საქართველოში აბორტთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება

  • საქართველოში აბორტთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები – „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომელიც ევროკომისიის მე-9 რეკომენდაციებიდან გამომდინარეობს, რაც გულისხმობს გენდერული თანასწორობის გაძლიერებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის განსაკუთრებულ კონსოლიდაციას.

კანონპროექტის მიხედვით, ორსულობის შეწყვეტა მსხვერპლის (ორსული) წინასწარი ინფორმირებული თანხმობის გარეშე, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.

პროექტით კონკრეტდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედება გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას, ეს დაისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.

პროექტის მიხედვით, თუ ეს ქმედება, ჩადენილი იქნება: დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ; ჯგუფურად; გენდერის ნიშნით; რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; განსაკუთრებული სისასტიკით; არაერთგზის; ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით; ანგარებით ან შეკვეთით; ხულიგნური ქვენა გრძნობით; მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით; იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა; მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 133-ე, 1331 და 1502 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ეს ქმედება დაისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებების მიხედვით, თუ ეს ქმედება გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას ან სხვა მძიმე შედეგს, – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით – ათიდან თოთხმეტ წლამდე. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით; რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. კანონპროექტის მიხედვით, აბორტის იძულება გამოიყოფა სპეციალურ შემადგენლობად და უფრო მკაცრი სასჯელი იქნება გათვალისწინებული. კერძოდ, პროექტით, ორსულობის შეწყვეტის იძულება, დაისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. თუ იგივე ქმედება, ჩადენილი იქნება: ჯგუფურად; დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 133-ე, 1331 და 1333 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით, დაისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

პროექტით განისაზღვრება, რომ თუ იგივე ქმედება გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას ან სხვა მძიმე შედეგს, დაისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *