- გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობა ისე გაიყიდა, რომ იქ მცხოვრები დევნილი ოჯახები სახელმწიფომ საცხოვრებლით არ უზრუნველყო სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.
“საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ 2020 წელს, ყოფილ სასტუმრო „თბილისში“ ფაქტობრივად მცხოვრებ ყველა ოჯახს დევნილთა სააგენტომ ბინები გადასცა. სრულად გარემონტებული საცხოვრებელი ფართები იძულებით გადაადგილებულმა 34-მა ოჯახმა მიიღო და შენობა, როგორც დევნილთა საცხოვრებელი ობიექტი ოფიციალურად დაიხურა.
აღსანიშნავია, რომ ყოფილ სასტუმრო „თბილისში“ რამდენიმე დევნილი ოჯახი რჩება, საიდანაც ერთ-ერთი ოჯახი შენობაში მისი ოფიციალურად დახურვის შემდეგ შესახლდა. ასევე, შენობაში ცხოვრობს დევნილი ოჯახი, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან, საცხოვრებლით უზრუნველყოფის სანაცვლოდ, მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია. შენობაში მყოფ კიდევ ერთ ოჯახს კი, საკუთრებაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გააჩნია.
შესაბამისად სახელმწიფოს აღნიშნული ოჯახების უპირობო განსახლების ვალდებულება არ გააჩნია.
ქუთაისში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით 720 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს. დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი შეავსონ და მათი საკითხი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილება. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად დახურული ობიექტიდან შევსებული განაცხადი არ განიხილება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.