- შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისის დირექტორმა, ჰასან მოჰთაშამიმ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
უწყების ცნობით, მემორანდუმის გაფორმების მიზანს წარმოადგენს გაეროს მოსახლეობის ფონდსა (UNFPA) და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, კერძოდ, თანამშრომლობის ფარგლებში, “112”-ის აპლიკაციის გამოყენებით იგეგმება სამიზნე აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციის ზომებისა და არსებული სერვისების შესახებ, ასევე, შესაბამისი კამპანიის განხორციელება.
აღნიშნული ინიციატივის რეალიზება მოხდება გაეროს ერთობლივი პროგრამის – „გენდერული თანასწორობის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
შეხვედრაზე გიორგი არსოშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ტიპის დანაშაულის აღმოფხვრა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას.
შეხვედრის დასასრულს, “112”-ის დირექტორმა გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაწეული მუდმივი მხარდაჭერისთვის.