- საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ყოფილი მსჯავრდებულის: ვ.ვ.-ს, გ.ნ-ს და გ.ნ-ს, ასევე მარინე მაზანაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
“იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, მსჯავრდებული პირები წინასწარი შეთანხმებით, შეიარაღებულები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელკეტებით, მარნეულში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ი.ბ-ს და ი.ქ-ს, რა დროსაც გ.ნ-მ ორი გასროლა განახორციელა ი.ქ-ს მიმართულებით. სროლის შედეგად ამ უკანასკნელმა წვივის არეში სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 თებერვლის განაჩენით აღნიშნული პირები დაუსწრებლად გასამართლდნენ და სასჯელის სახედ და ზომად სხვადასხვა ვადით პატიმრობა განესაზღვრათ და მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში საქმეზე ჩატარდა ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. დადგინდა სრულიად ახალი ფაქტობრივი გარემოებები და მოპოვებული იქნა ახალი მტკიცებულებები, კერძოდ: დადგინდა, რომ საქმის ერთადერთ მოწმეს ჯ.ნ-ს 2003 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონული განყოფილების საგამოძიებო სამსახურში აიძულეს ხელი მოეწერა ფოტოსურათით ამოცნობის და დაკითხვის ოქმზე, რა დროსაც მან თითქოსდა ამოიცნო და ამხილა მსჯავრდებულები. სინამდვილეში, გამომძიებელს მასთან საპროცესო მოქმედებები რეალურად არ ჩაუტარებია, იგი არ ფლობს ქართულ ენას და არ შეეძლო გაცნობოდა დოკუმენტებს. გარდა აღნიშნულისა, საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენების თანახმად, მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეში არსებულ დოკუმენტებზე მათი, როგორც დამსწრე პირების გასწვრივ დასმული ხელმოწერები მათ არ ეკუთვნით და მსგავსი შინაარსის საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადასტურდა, რომ საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმზე არსებული ხელმოწერები, სავარაუდოდ არ არის შესრულებული დამსწრე პირების მიერ. ვ.ვ.-მ უარყო მომხდარ დანაშაულში მონაწილების ფაქტი და მიუთითა, რომ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმში განთავსებული არცერთი ფოტოსურათი მას არ ეკუთვნის, შესაბამისად ამოცნობა რეალურადაც რომ ჩატარებულიყო მოწმე მას ვერ ამოიცნობდა. აღსანიშნავია, რომ თავად დაზარალებულებთან ამოცნობები იმჟამინდელ ბრალდების საქმეში არ ჩატარებულა, ვინაიდან მათ განაცხადეს, რომ არ შეეძლოთ ვინმეს ამოცნობა, რადგან ვერ დაიმახსოვრეს თავდამსხმელთა ვიზუალური ნიშნები.
რაც შეეხება მარინე მაზანაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს, იგი 2006 წელს, გასამართლებული იქნა მამუკა ნოზაძესთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (ძვ. რედ.) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
2006 წლის 29 მაისს, სასამართლოს საბოლოო განაჩენით, მარინე მაზანაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მარინე მაზანაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ბრალდებულის ოჯახის წევრებმა უარყვეს ადვოკატ მარინე მაზანაშვილისთვის ფულადი თანხის გადაცემის ფაქტი. ახალი გამოძიებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულ წინააღმდეგობაში მოვიდა მარინე მაზანაშვილის ბრალდების დადგენილებაში და განაჩენში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან. შესაბამისად, ხელახალი გამოძიების შედეგად მისი მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი გამოირიცხა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოფილი მსჯავრდებულების: ვ.ვ.-ს, გ.ნ-ს და გ.ნ-ს, ასევე მარინე მაზანაშვილის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილებები მსჯავრდებულების უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ და პროკურატურამ მიმართა თბილისი სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის შუამდგომლობით.
2023 წლის 16 იანვარს მარინე მაზანაშვილის, ხოლო 17 იავნარს ვ.ვ.-ს, გ.ნ-ს და გ.ნ-ს, მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.
დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 463 პირი, რომელთაგან 325 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 62 600 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 120 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 116 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 42 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი”.-აღნიშნულია საქართველოს პრკურატურის ინფორმაციაში.