- საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, პროკურატურა, თაღლითობისთვის მსჯავრდებულ ზურაბ აბზიანიძის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
“ზურაბ აბზიანიძე 2007 წლის 16 მაისს თაღლითობის ფაქტზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 20 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეეფარდა.
„იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, არქმშენინსპექციის ყოფილი თანამშრომელი ზურაბ აბზიანიძე, 2005 წლის დეკემბერში ამხანაგობა ,,არმაზის ქ. N3/5-ის“ თავმჯდომარეს, არქმშენინსპექციის მოქმედ თანამშრომლად გაეცნო, დაარწმუნა, რომ ობიექტის მშენებლობის ხარისხის შემოწმებისას სხვადასხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევები იქნებოდა გამოვლენილი, რის გამოც ამხანაგობას სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა. აღნიშნულის შემდეგ ზურაბ აბზიანიძემ ამხანაგობის თავმჯდომარეს შესთავაზა, რომ მშენებლობასთან დაკავშირებით დადებით დასკვნას შეადგენდა, სანაცვლოდ კი გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.
მშენებლობის შეჩერებისა და მოსალოდნელი ჯარიმების თავიდან აცილების მოტივით, ამხანაგობის თავმჯდომარე დათანხმდა და მას 200 აშშ დოლარი გადასცა. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, დადგინდა, რომ ზურაბ აბზიანიძე საერთოდ არ იცნობდა დაზარალებულს. დაკავებამდე არასდროს შეხვედრია მას და შესაბამისად მისთვის არანაირი თანხა არ გამოურთმევია. აღნიშნულიდან გამომდინარე ხელახალი გამოძიების შედეგად სრულად გამოირიცხა ზურაბ აბზიანიძის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
შესაბამისად, პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამოიტანა დადგენილება მსჯავრდებულის უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ და სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართავს.
ასევე, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულის უფლებების აღდგენის მიზნით, მისთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი, ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.
პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე, 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე, რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება. სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მდებარე მაია კაკულიას კუთვნილი მიწის ნაკვეთი ფართობით 3 500 კვ/მ.
პროკურატურა მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს, რათა დაზარალებულ მოქალაქეს დაუბრუნდეს მიწის ნაკვეთი.
რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ მიიღებს შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას.
დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 460 პირი, რომელთაგან 325 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 62 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 117 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 109 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 42 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.