- შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1985 წელს დაბადებული ა.ჰ. ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საიუველირო მაღაზიიდან სხვადასხვა ძვირადღირებული სამკაული მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ჰ. მომხდარიდან მეორე დღეს, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.