- შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული კ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ეჭვიანობის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს – 1981 წელს დაბადებულ ვ.ხ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, კ.ს.-მ თავის მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ თ.გ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.ს. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – დანა და სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”.-ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.