- თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო. მათ სასჯელის სახედ და ზომად 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021-2022 წლებში შპს „ქართრეიდის“ დილერმა ზ.მ-მ, დირექტორებმა მ.ყ.-მ და დ.ჩ.-მ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილის შეძენის მსურველი 7 პირისგან 209.220,00 აშშ დოლარი მიიღეს, საიდანაც ავტომობილების შესაძენად მხოლოდ 145.210,62 აშშ დოლარი გადარიცხეს, ხოლო 122.712.37 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რითაც დაზარალებულებს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენეს.
უწყების განმარტებით, სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.