- მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურის საკითხებზე.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია.