- გადმომათრიეს მანქანიდან, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით და ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა,- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო.
“მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი და გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან და პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც ატეხეს დიდი ჟრიამული და არ შეწყვეტილა ეს ჟრიამული ამ წუთამდე, ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელმა მუშაკმა გამომიცხადა, „აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში?!“ და გინებაც მოაყოლა. მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა, უარი მითხრეს თქმაზე. შემდეგ გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა, მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით და რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა. ისევე როგორც პალატაში, სადაც რაღაც გაურკვეველი შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი, იმიტომ, რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ ძალადობის და შეურაცხყოფის შემდეგ, აღელვებით. ყველა იქცეოდა როგორც ნამდვილი კრიმინალი, ჩემს საკანში მუდმივად ისმის კრიმინალების შეძახილის ხმა“, – ნათქვამია წერილში.