- ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „ნინოწმინდა“, „ვალე“, „სადახლო-საავტომობილო“ და „ლაგოდეხი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 33 180 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა – 1000 ლარის ოდენობით შეეფარდათ, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, 3 კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, სრულად ჩამოერთვა საქონელი და ვინაიდან ქმედება განმეორებით იყო ჩადენილი, თითოეულს, ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო ერთი კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.